საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ნუგზარ წიკლაურს შეკითხვები აქვს ბიძინა ივანიშვილთან, ირაკლი ალასანიასთან და რესპუბლიკელებთან.
"მედვედევის გუშინდელმა აღიარებითმა ჩვენებამ საბოლოოდ დაუსვა წერტილი მითს, თითქოს ომი საქართველომ დაიწყო. მან გარკვევით თქვა, რომ ომის ინსპირირება რუსეთს სჭირდებოდა საქართველოს ნატოში ინტეგრირების შესაფერხებლად. კიდევ ერთხელ მინდა ვკითხო ოპონენტებს შეუძლიათ თუ არა გაიმეორონ, რომ აგრესორი იყო ჩვენი პატარა საქართველო? ვკითხო არა მხოლოდ აქ დარბაზში, არამედ ვკითხო: რესპუბლიკურ პარტიას, აღზევებულ მდაბიო - ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი ალასანიასა და სხვებს, შეგიძლიათ ისევ გაიმეოროთ თქვენი პოზიცია? გულწრფელად მინდა, რომ თქვენი პასუხი იყოს უარყოფითი~, - ამის შესახებ წიკლაურმა პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის განცხადების შეფასებისას განაცხადა.
წიკლაურის თქმით, საუბედუროდ ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსი იმეორებდა იმ პროპაგანდისტულ შეფასებებს აგვისტოს ომთან დაკავშირებით, რასაც რუსეთი ეწეოდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის განცხადებით, ნატო ახლა გაფართოებული იქნებოდა რუსეთი რომ 2008 წელს აჯანყებული რეგიონის დასაცავად საქართველოში არ შეჭრილიყო.