სპორტკომპლექს "ოლიმპიისკიში" რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადმიერ პუტინის რინგზე გამოჩენისას მომხდარ სკანდალს აქტიურად განიხილავენ ინტერნეტსივრცეში. ბი-ბი-სი აღნიშნულ ფაქტს ვრცელ მასალას უძღვნის, სადაც აღნიშნავს, რომ სკანდალი რუსული და უცხოეური მედიის, ასევე ბლოგსფეროს დაინტერესებისა და განხილვის საგანი გახდა.
"წესების გარეშე ბრძოლის მოყვარულებმა ჩემპიონს არჩევნების წესების გარეშე სტევენა აუტეხეს", - ანონიმურად იხუმრეს Twitter-ის მიკრობლოგში KermlinRussia-ს ავტორებმა.
"ახლახან რუსეთის პრემიერ-მინისტრი, რომელსაც სურვილი აქვს, კვლავ გახდეს რუსეთის პრეზიდენტი, მოქალაქე ვლადიმერ ვლადიმერის ძე პუტინი, შეეცადა ქულების დაგროვებას წინასაარჩევნო მარათონში და ელექტორატის სიყვარულით დატკბა"... მას სტვენა აუტეხეს", - წერს LiveJournal-ში ცნობილი იურისტი და საზოგადო მოღვაწე ალექსეი ნევალნი. მის პოსტს ჰქვია "ეპოქის დასასრული".
კომენტარები ინტერნეტსივრცეში მას შემდეგ გაჩნდა, რაც რამდენიმე ადამიანმა Youtube-ზე დადო ვიდეორგოლი , რომელიც მოსკოვში რუს ფედორ ემელიანკოსა და ამერიკელ ჯეფ მონსონს შორის შერეული ორთაბრძოლის ჩემპიონატზე იყო გადაღებული.
ჩანაწერში ჩანს, რომ სიტყვებისას "ძვირფასო მეგობრებო, დღეს ყველას, საბრძოლო ხელოვნების მოყვარულებს დიდი ზეიმი..." დარბაზში ისმის შეძახილები "ფუ" და სხვა ნეგატიური ფრაზები.
"რინგზე გამოჩენამ (პუტინის) სასურველის საწინააღმდეგო ეფექტი გამოიღო, მოახდინა იმის დემონსტრირება, რამდენად მისაღები გახდა საზოგადოებაში რეჟიმის კრიტიკა", - წერს Financial Times-ის ჟურნალისტი ჩარლზ კლოვერი.
რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები კი წერენ, რომ პუტინს ენთუზიაზმით შეხვდნენ.
"ხალხო, გადაირიეთ?! მე ვიყავი დღეს "ოლიმპიისკში", ხალხი ყვიროდა და სიხარულისგან უსტვენდა, მისასალმებლად, გესმით?" - წერს LiveJournal-ში ახალგაზრდული საქმეების ფედერალური სააგენტოს პრესმდივანი კრისტინა პოპუტჩიკი.
შეგახსენებთ, რომ ორთაბრძოლაში რუსი სპორტსმენის გამარჯვების შემდეგ ვლადიმერ პუტინი ავიდა რინგზე და გამარჯვებულს მიულოცა, მაგრამ მისი სიტყვები ყვირილსა და სტვენაში იკარგებოდა.