ვიცე პრემიერ-მინისტრი გიორგი ბარამიძე შვედეთის სამეფოში იმყოფება, სადაც ქ. სტოქჰოლმში ორმხრივი შეხვედრები გამართა შევედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრ კარლ ბილდტთან, ევროკავშირის საქმეთა მინისტრ ბირგიტა ოჰლსონთან, განვითარების თანამშრომლობის მინისტრ გუნელ კარლსონთან და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან.
შეხვედრებზე მხარეებმა იმსჯელეს საქართველოსა და შვედეთს შორის პოლიტიკურ- ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების, ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობისა და სხვა სფეროებში ურთიერთობების განვითარების აუცილებლობაზე. ასევე, შვედეთის მხრიდან დახმარების მნიშვნელობაზე როგორც საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობისათვის, ასევე, მცირე და საშუალო ბიზნესის შემდგომი განვითარებისათვის.
შეხვედრებზე გიორგი ბარამიძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მნიშვნელობაზე, ხაზი გაუსვა რუსეთ-საქართველოს კონფლიქიტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისა და საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის აუცილებლობას, ევროკავშირისა და წევრი სახელმწიფოების მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არააღიარების პოლიტიკის გაგრძელების საჭიროებასა და რუსეთზე პოლიტიკური და დიპლომატიური ზეწოლის გაძლიერების აუცილებლობას, რათა მან შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები. შვედურმა მხარემ კიდევ ერთხელ გამოხატა მზადყოფნა მხარი დაუჭიროს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ, ევროინტეგრაციულ რეფორმებს და მშვიდობიანი ძალისხმევით ხელი შეუწყოს საქართველოს დეოკუპაციის პროცესს.
მხარეებმა განიხილეს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები. ვიცე პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებების დროულად დაწყებისა და ასევე, ევროკავშირთან ვიზების გაუქმების მნიშვნელობაზე.