პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია თითქმის ორწლიანი სერიოზული მუშაობის შედეგია.
ბაქრაძე ევროპარლამენტის რეზოლუციას გამოეხმაურა და ჩვენი ქვეყნისთვის ამ დოკუმენტის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
~ეს არის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხი რუსული დიპლომატიის მცდელობებზე, მთელი მსოფლიოს გარშემო მოაგროვონ და მოძებნონ ნაურუები და მსგავსი სახელმწიფოები. წინა კვირაში ამ ტიპის დიპლომატიას ძალიან კარგი პასუხი გაეცა ევროპარლამენტის - ევროპის მთავარი პოლიტიკური და არჩევითი ორგანოს მხრიდან. ეს რეზოლუცია განსაზღვრავს ევროპის დამოკიდებულებას საქართველოში არსებული პრობლემის და ქართულ-რუსული ურთიერთობის მიმართ~ - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.
~ეს საქართველოსთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რადგან მასში საქართველო აღიარებულია როგორც ევროპული სახელმწიფო. წლების განმავლობაში ევროკავშირში იყო დებატები იმის შესახებ, თუ სად გადის ევროპის საზღვარი, მოიაზრება თუ არა საქართველო ევროპის ნაწილად. ახლა კი, ევროპარლამენტის რეზოლუცია არის სწორედ ის დოკუმენტი, რომელიც სამართლებრივად და პოლიტიკურად აცხადებს, რომ საქართველო ევროპული სახელმწიფოა, საქართველო არის ევროპის ნაწილი და შესაბამისად, საქართველო უნდა იქნეს განხილული როგორც ევროკავშირის მომავალი წევრი~, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.