ვიცე პრემიერ-მინისტრი გიორგი ბარამიძე უსაფრთხოებისა და განვითარების პოლიტიკის ინსტიტუტის მიწვევით შვედეთის სამეფოში იმყოფება, სადაც ქ.სტოქჰოლმში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში "დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განმტკიცება საქართველოში" მიიღო მონაწილეობა.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ როგორც საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი, ელჩი ფილიპ დიმიტროვი, ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ფილიპ ლეფორი და საერთაშორისო ექსპერტები. კონფერენციაზე განიხილებოდა საქართველოში მიმდინარე პროცესები და 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ არსებული გამოწვევები. კონფერენციის მთავარი მიზანი საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციას შორის დიალოგის გაღრმავებისა და ამ პროცესების კიდევ უფრო გამჭვირვალეობისთვის საერთაშორისო თანამეგობრობის უფრო მეტად ინფორმირებულობის ხელშეწყობაა.
გიორგი ბარამიძე კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა და ყურადღება გაამახვილა საქართველოში წარმატებით მიმდინარე ანტიკორუფციულ, პოლიციის, საგადასახადო, საბაჟო, სასამართლო და სხვა რეფორმებზე, რომელთაც მოიპოვეს საერთაშორისო აღიარება, რაც დასტურდება საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევების საფუძველზე; საქართველო აშშ-სა და ევროპაში ყველზე არაკორუმპირებულ სახელმწიფოდ აღიარეს და კვლევების მიხედვით დაფიქსირდა საქართველოს მოსახლეობის ნდობის მაღალი მაჩვენებელი სამართალდამცავი სტრუქტურების მიმართ. გიორგი ბარამიძემ გამოსვლაში, ასევე, ყურადღება გაამახვილა საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოსა და ბიზნესის დაწყებისათვის არსებულ გამარტივებულ პროცედურებზე.
გამოსვლის დასასრულს გიორგი ბარამიძემ აღნიშნა, რომ ყველა ამ მიღწევამ ხელი შეუწყო საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის გაღრმავებას.