თანამდებობის პირთა ლუსტრაციის შესახებ კომისია მომავალი წლის იანვრიდან შეიქმნება. ამის შესახებ "თავისუფლების ქარტიის" ავტორმა დეპუტატმა გია თორთლაძემ განაცხადა.
მისი თქმით, კომისია ინვრიდან უნდა შეიქმნას, შეიმუშაოს თავისი წესდება და განსაზღვროს სამუშაო პერიოდი.
"ყოველ ფრაქციას შეუძლია წარმოადგინოს თავისი წარმომადგენელი. თუმცა, კომისიის შემადგენლობა შეიძლება შეიცვალოს მომავალი წლის არჩევნების შემდეგ. კომისიის უფლებამოსილება კი პარლამენტის მიერ უკვე მიღებულ კანონშია გაწერილი" - აღნიშნა თორთლაძემ.
რაც შეეხება ,,ქართული დასის~ ლიდერის მიერ "თავისუფლების ქარტიაში~ შესატან ცვლილებებს, თორთლაძე მიიჩნევს, რომ ჯონდი ბარათურიას ეს კანონი წაკითხული არა აქვს.
"ის "თავისუფლების ქარტიას" საერთოდ არ ეთანხმებოდა და სისულელეს ეძახდა, ახლა კი მასში ცვლილების შეტანა უნდა. როგორც ჩანს, საერთოდ არ წაუკითხავს, თორემ მასში ნათლად წერია, როგორ ეხებათ ლუსტრაცია არჩევით თანამდებობს. კერძოდ, ცესკომ არჩევნების წინ კომისიიდან უნდა გამოითხოვოს ინფორმაცია იმ პირებზე ვინც არჩევნებში გეგმავს მონაწილეობას და ეს ინფორმაცია მიეწოდოს საზოგადოებას, რომელიც თავად გააკეთებს არჩევანს. კანონში ასევე გაწერილია, რომ ლუსტრაცია ეხება მთელს მინისტრთა კაბინეტს, შესაბამისად პრემიერ-მინისტრსაც", - განაცხადა თორთლაძემ.
შეგახსენებთ, რომ "ქართულმა დასმა" შეიმუშავა "თავისუფლების ქარტიაში" შესატანი ცვლილებების შესახებ კანონპროექტი, რომელიც გულისხმობს პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარისა და პრემიერ-მინისტრის ლუსტრაციას.