საბჭოს სხდომაზე მისულმა ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა ანტიკრიზისული საბჭოს თავმჯდომარეს პირდაპირ განუცხადა, რომ ტყის კოდექსის ის ვარიანტი, რომელიც გია თორთლაძეს გააჩნია, "ნედლი და პირველწყობილია" და მასზე მსჯელობას აზრი არა აქვს, რადგან პროექტი თითქმის მთლიანად შეცვლილია.
ტყის კოდექსის პროექტი თორთლაძეს ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მიაწოდა. მინისტრმა თორთლაძეს უთხრა, რომ ის ვარიანტი, რომელიც გააჩნია, მაისის ან სექტემბრის მდგომარეობას ასახავს და 30 გვერდიდან 28 გვერდი უკვე შეცვლილა.
ხეთაგურის განცხადებით, სანამ ტყის კოდექსი საბოლოო სახეს არ მიიღებს მასზე საუბარი, მით უმეტეს, პარლამენტში დებატების გახსნა ნაადრევია.
"როდესაც კანონპროექტი შემუშავდება, მაშინ შეგვიძლია ვიმსჯელოთ ამ დოკუმენტზე, ჯერ პროექტი დაუსრულებელია", - მიმართა მინისტრმა ანტიკრიზისული საბჭოს თავმჯდომარეს.
ხეთაგურის განცხადებით, ტყის კოდექსზე მუშაობა სამინისტროში ღამის 1 საათამდე მიმდინარეობს და ახლა ფინალურ ეტაპზე არიან, თვის ბოლოს დასრულდება პროექტზე მუშაობა, შემდეგ მასზე მთავრობა იმსჯელებს და ბოლოს პარლამენტში შევა.
მას შემდეგ რაც მინისტრმა ხეთაგურმა ანტიკრიზისულ საბჭოს ჟურნალისტების თანდასწრებით განუცხადა, რომ კოდექსზე მსჯელობა ნაადრევია, გია თორთლაძემ რამდენიმე წუთში სხდომა დახურა.