„მთავრობის 10-პუნქტიანი გეგმა და 2012 წლის ბიუჯეტი ადასტურებს, რომ ხელისუფლებისთვის განათლება და მეცნიერება პრიორიტეტი არ არის", - ამის შესახებ "ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთმა ლიდერმა მანანა ნაჭყებიამ დღეს გამართულ პრეკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლების მიერ დეკლარირებულ განცხადებას, რომ მთავრობის ამოცანა საქართველოს მოსახლეობისთვის მსოფლიოს საუკეთესო სტანდარტების შესაბამისი განათლების შეთავაზებაა, აბსოლუტურად არ შეესაბამება ქვეყნის სტარტეგიული განვითარების ათპუნქტიან გეგმასა და 2012 წლის ბიუჯეტში ჩამოყალიბებული განათლებისა და მეცნიერების განვითარების ხედვა და მასზე გამოყოფილი ხარჯები.
"თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოში გაღებული ხარჯები - მთლიანი შიდა პროდუქტის 2,5% განათლებაზე და 0,22% - მეცნიერებაზე ერთ-ერთი ყველაზე მცირეა პოსტსაბჭოთა სივრცეშიც კი, სავარაუდო იყო, რომ 2011-2015 წლის სტრატეგიული განვითარების გეგმაში და 2012 წლის ბიუჯეტში მთავრობა ამ მიმართულებით რაიმე რადიკალური ნაბიჯის გადადგმას გაითვალისწინებდა. ამის საპირისპიროდ, მთავრობის საპროგრამო დოკუმენტში წავაწყდით მხოლოდ ზოგად ფრაზებს, ისიც უკვე გატარებული რეფორმების შესახებ, ხოლო ბიუჯეტში განათლებასა და მეცნიერებაზე გამოყოფილი ხარჯების ზრდა არ არის გათვალისწინებული. ათპუნქტიან პროგრამაში მეცნიერების განვითარება საერთოდ არ არის ხსენებული", - განაცხადა ნაჭყებიამ.
მისივე თქმით, "ახალი მემარჯვენეები" მიიჩნევენ, რომ ასეთი მიდგომა აბსოლუტურად გაუგებარია.