საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე დიმიტრი მედვედევის მიერ სეპარატისტულ რეჟიმებთან გაფორმებულ ხელშეკრულებას გამოეხმიანა. კალანდაძის თქმით, არცერთ მსგავს დოკუემენტს იურიდიული ძალა არ გააჩნია.
„არავითარ იურიდიულ დოკუმენტზე არ შეიძლება იყოს საუბარი, რომელიც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების სეპარატისტულ მთავრობასთან ფორმდება. ამ დოკუმენტებს არავითარი იურიდიული ძალა არ გააჩნია და ის წინააღმდეგობაში მოდის საერთაშორისო პრინციპებთან და ნორმებთან და არღვევს სახელმწიფოს სუვერენიტეტს", - განაცხადა კალანდაძემ.
რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა საბაჟო საკითხებში აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან გაფორმებული ხელშეკრულებების რატიფიცირების შესახებ კანონს მოაწერა ხელი. ინფორმაციას ამის შესახებ კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.
აღნიშნული კანონები რუსეთის დუმამ 2 ნოემბერს მიიღო, ფედერაციის საბჭომ კი 9 ნოემბერს მოიწონა. "ხელშეკრულებები საბაჟო სფეროში თანამშრომლობისა და კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლისაკენ არის მიმართული. მათ ასევე უნდა შეამსუბუქონ სამოქალაქო და სატვირთო მიმოსვლა სახელმწიფოებს შორის და საზღვარი ტვირთების გადატანის რეჟიმი უნდა დაარეგულირონ", _ იუწყება კრემლი პრესსამსახური.