საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის განცხადებით, სახელმწიფოს მეკობრეებთან თანამშრომლობის არავითარი ბერკერი არ აქვს.
„საქართველოს ხელისუფლება მეზღვაურების ოჯახებთან მუდმივ კავშირზეა, რათა გაცვალონ ინფორმაციები. სამწუხაროდ, სახელმწიფოს არ აქვს არავითარი ბერკეტი, რომ მეკობრეებთან ითანამშრომლოს. როგორც ტექნიკურად, ასევე შინაარსობრივად ეს არის ძალიან რთული", - განაცხადა მოადგილემ.
მისი თქმით, მეკობრეებთან კავშირის დამყარება ქართულ მხარეს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
„თუმცა, საქართველოს ხელისუფლება, განსაკუთრებით საგარეო უწყება საბერძნეთში საქართველოს წარმომადგენლობის მეშვეობით თანამშრომლობს იმ ბერძენ გემფლობელთან და იმ კომპანიასთან, რომელსაც უშუალო პასუხისმგებლობა ეკისრება არსებულ ვითარებაზე. გასულ კვირას გვქონდა საშუალება გავსაუბრებოდით მათ. დამატებითი ინფორმაცია მოვიპოვეთ, თუმცა დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებ", - განაცხადა კალანდაძემ.
მისი მტკიცებით, საქართველოს ხელისუფლება მათ ხელთ არსებულ ყველა საშუალებას იყენებს აღნიშნული საკითხის მოსაგვარებლად.
შეგახსენებთ, რომ სომალელმა მეკობრეებმა ბერძნული კომპანიის გემი, რომელზეც 15 ქართველი და 3 თურქი მეზღვაური იმყოფებოდა, 2010 წლის სექტემბერში დაატყვევეს.