სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი სამხედრო ინტერვენციის შემთხვევაში "მზადაა ბოლომდე" იბრძოლოს. ბრიტანული პრესისათვის მიცემულ ინტერვიუში ასადი სირიაში მიმდინარე მოვლენებში დასავლეთის შესაძლო ჩარევის შესახებ აცხადებს: "თუ ისინი საკმარისად გონიერები არიან, მათ უნდა გაიაზრონ მათი ჩარევის შედეგების სრული სიმძიმე, რაც ახლო აღმოსავლეთში "მიწისძვრის" ტოლფასი იქნება".
ქვეყნის პრეზიდენტი ასევე აღნიშნავს, რომ ქვეყნის ძალოვანი სტრუქტურები მიმდინარე უწესრიგობების ჩახშობას გააგრძელებენ და ამას არაბული სახელმწიფოების ლიგის მიერ გაკეთებული გაფრთხილების მიუხედავად გააკეთებენ. ინფორმაციას ამის შესახებ "როიტერი" ავრცელებს.
ბაშარ ასადი ასევე აცხადებს, რომ სირიის ერთადერთი გზაა - "ეძებოს შეიარაღებული ადამიანები, დევნოს შეიარაღებული ადამიანები, ხელი შეუშალოს მეზობელი ქვეყნიდან იარაღის შემოტანას და ქვეყანაში კანონი და წესრიგი დაიცვას".
შეგახსენებთ, რომ სირიის უფლებების დამცველების ინფორმაციით, მხოლოდ შაბათს ქვეყანაში მომხდარ შეტაკებას სირიის ოპოზიციის დანაყოფებსა და სახელმწიფოს ძალოვან სტუქტურებს შორის 24 ადამინის სიცოცხლე ემსხვერპლა. სირიაში არეულობა უკვე რვა თვეა მიმდინარეობს. ოპოზიცია ბაშარ ასადის გადადგომას მოითხოვს.
გაეროს ინფორმაციით, სულ მთელი ამ დროის განმავლობაში სირიაში მიმდინარე არეულობის გამო უკვე გარდაცვლილია 3500 ზე მეტი ადამიანი. თავად სირიის ხელისუფლების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილია 1500 ადამიანი ორივე მხრიდან, მათ შორის 1100 კი სამართალდაცავი ორგანოების წარმომადგენელია.