აშშ-ის მცდელობა დაამშვიდოს რუსეთი ევროპაში რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის გამო არსებული უკმაყოფილებისათვის ამერიკელი კონგრესმენების აღშფოთება გამოიწვია. როგორც რესპუბლიკელი კონგრესმენებისათვის გახდა ცნობილი, ვაშინგტონი მზადაა, მოსკოვს გადასცეს საიდუმლო ინფორმაცია, ამერიკული გადამჭერი რაკეტების შესახებ და ამით შეეცადოს რუსული მხარის დამშვიდება ევროპაში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის განთავსებასთან დაკავშირებით.
გავრცელებული ინფორმაციით, მოსკოვში ვიზიტისას, სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ელენ ტოშერმა მზადყოფნა გამოთქვა რუსეთს გადასცეს საზღვაო ბაზირების SM-3 რაკეტების ტექნიკური მონაცემები.
ვაშინგტონში იმედოვნებენ, რომ შეძლებენ დაარწმუნონ კრემლი, რომ აღნიშნული რაკეტებით შეუძლებელია რუსული ბალისტიკური რაკეტების გადაჭერა და ჩამოგდება.
ამერიკულმა მხარემ რუსი ექსპერტები 2012 წლის გაზაფხულისთვის ოფიციალურად მიიწვია რათა მონაწილეობა მიიღონ SM-3-ის ფრენების გამოცდაში.
რუსეთში აღნიშნულ მიწვევას ეჭვით უყურებენ, რადგან ფიქრობენ, რომ ვაშინგტონი მათ არ მიაწვდის სრულ ინფორმაციას. თუმცა ჰილარი კლინტონის მოადგილემ პოლიტიკურ საკითხებში ვენდი შერმანმა განაცხადა, რომ რუსეთის წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცემათ გამოიყენონ ნებისმერი გაზომვითი აპარატურა.
ამ ფონზე გავლენიანი რესპუბლიკელი კონგრესმენები ბრალს დებენ თეთრ სახლს მოსკოვთან საიდუმლო მოლაპარაკებების გამართვაში, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას აშშ-ს უსაფრთხოებას.
კონგრესმენმა მაიკლ ტერნერმა განაცხადა, რომ თავდაცვის კომიტეტი ყველაფერს გააკეთებს რათა აიძულოს თეთრი სახლის ადმინისტრაცია უარი თქვას თავის გეგმებზე რუსეთისთვის იმფორმაციოების მიწოდების შესახებ.