საპარლამენტო ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" აპარატის უფროსი და ვანის საკრებულოს წევრი დათო ლორთქიფანიძე დღეს ვანის რაიონის სოფელ ამაღლებაში მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა 25 ჰექტარი მიწის ფართობის გასხვისება იყო. სახნავ-სათესი მიწა, რომლითაც 1995 წლიდან სოფელში 50-მდე ოჯახი სარგებლობდა, სოფლის მკვიდრმა თამაზ გიორგაძემ აუქციონის წესით შეისყიდა.
"ყველაფერი ფარულად მოხდა და მოსახლეობამ მიწების გასხვისების შესახებ მხოლოდ პოსტ-ფაქტუმ შეიტყო. ახლა ვითარება ძალზე დაძაბულია და არაა გამორიცხული, ეს საკითხი სერიოზულ დაპირისპირებაში გადაიზარდოს. "ქრისტიან-დემოკრატების" ამოცანაა ამაღლების მცხოვრებლებს სიმართლის დადგენაში დავეხმაროთ და ის, რაც ხალხს ეკუთვნის ხალხს დაუბრუნდეს" - განაცხადა დათო ლორთქიფანიძემ.
ვანის გამგებლის პირველი მოადგილის ალექსანდრე მჟავანაძის თქმით, ფართობი ეკონომიკის სამინისტრომ გაყიდა და ამ საკითხში ჩარევა გამგეობის კომპეტენციას სცილდება.