ვიცე პრემიერ-მინისტრი გიორგი ბარამიძე სამუშაო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება, სადაც ატლანტიკური საბჭოს მიწვევით შავი ზღვის ენერგო და ეკონომიკური ფორუმის მუშაობაში მონაწილეობს. ვიზიტის ფარგლებში გიორგი ბარამიძემ ორმხრივი შეხვედრები გამართა თურქეთის რესპუბლიკის ევროკავშირის საქმეთა მინისტრთან და მთავარ მომლაპარაკებელთან ეგემენ ბაგისთან და ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე პრეზიდენტ მათიას კოლაც აჰნენთან.
თურქეთის რესპუბლიკის ევროკავშირის საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-თურქეთს შორის ორმხრივი და რეგიონალური თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები. აღინიშნა, რომ აუცილებელია ქვეყნებს შორის გაძლიერდეს როგორც პოლიტიკური კავშირები, ასევე ეკონომიკური ურთიერთობები. გიორგი ბარამიძემ ყურადღება გაამახვილა ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებზე, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის პერსპექტივებზე, ევროინტეგრაციის მიმართულებით მიმდინარე რეფორმებზე, ასოცირების შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებებსა და საქართველოში ინვესტიციების მოზიდვის მიზნით ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკების დაწყების მნიშვნელობაზე.
ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე პრეზიდენტ მათიას კოლაც აჰნენთან შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოზე, ბიზნესის კეთების კუთხით გამარტივებულ პროცედურებზე და საბაზრო ეკონომიკის განვითარებისათვის განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებზე. შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოში ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ დაწყებული საქართველოს წყლის ინფრასტრუქტურის განახლების, ვარდნილისა და ენგურის ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაციისა და მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების საინვესტიციო პროექტების მიმდინარეობა.
ასევე, მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების კუთხით თანამშრომლობის პერსპექტივებს. შემდგომი კონსულტაციების მიზნით საქართველოში დაიგეგმა სამუშაო შეხვედრის გამართვა საბანკო სექტორის, ბიზნეს წრეებსა და ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებს შორის. აღინიშნა, რომ შეხვედრა ხელს შეუწყობს ევროპის საინვესტიციო ბანკის შესაძლებლობებისა და საინვესტიციო პოტენციალის უკეთ ათვისებას, რაც თავის მხრივ, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების გზით საქართველოში დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს.