საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თვალს ადევნებდა ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით მიმდინარე სასამართლო პროცესს, რომელიც 17 წლის წინათ მომხდარი მკვლელობის საქმეს იხილავდა. ამის შესახებ პრეზიდენტმა ნეშან მინესიანის ოჯახის წევრებთან შხვედრისას განაცხადა.
„წლების წინათ დიდი ტრაგედია მოხდა, როდესაც თქვენი ოჯახის წევრები მოკლეს. თუმცა სამართალმა გაიმარჯვა. ეს იყო პირველი პროცესი ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით. ძალიან ვღელავდით და ძალზე მნიშვნელოვნად მიმაჩნდა, ამ პროცესის სწორად დასრულება", - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ ორი მსაჯული წინააღმდეგ წავიდა, უმრავლესობამ მკვლელი დამნაშავედ სცნო.
"აქ საქმე სამართალს ეხებოდა და ის ადამიანები, რომლებიც ასე სასტიკად გაუსწორდნენ თქვენს ოჯახს, დაუსჯელები არ უნდა დარჩენილიყვნენ. მათი ნაწილი დღეს ცოცხალი აღარ არის, ნაწილი კი გასამართლებულია. ეს ჩემთვის იმას ნიშნავს, რომ სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს. სიმართლე თქვენს მხარეს იყო და ამაში დარწმუნებული ვიყავი", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
სტუმრებმა პრეზიდენტს მადლობა გადაუხადეს ყურადღებისთვის, აღნიშნეს, რომ 17 წლის შემდეგ, იმედი დაუბრუნდათ და განახლებულ საქართველოში დაბრუნების სურვილი გამოთქვეს.