საპარლამენტო ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" წევრებს აინტერესებთ, მიმიდნარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტში თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება რატომ იზრდება 45 მილიონი ლარით.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე მყოფ ფინანსთა მინისტრ დიმიტრი გვინდაძეს ვიცე-სპიკერმა ლევან ვეფხვაძემ დღეს თავდაცვის სამინისტროს დაფინანსების ზრდასთან დაკავშირებით მიმართა.
ვეფხვაძის განცხადებით, საინტერესოა, რაში დასჭირდა აღნიშნულ უწყებას წლის ბოლოს ასეთი დიდი თანხით დაფინანსება. საკითხის სპეციფიკიდან გამომდინარე, ვეფხვაძემ გვინდაძეს მასზე მსჯელობა პარლამენტის ნდობის ჯგუფის ფორმატში შესთავაზა.
ფინანსთა მინისტრის განცხადებით, იგი პრობლემას ვერ ხედავს იმაში, რომ საკითხი განსხვავებული ფორმატით იყოს განხილული.
გვინდაძემ კომიტეტის წევრებს სხდომაზე 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი პროექტი წარუდგინა. 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 213 მილიონი ლარით იზრდება.