საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის პეტრე ცისკარიშვილის შეფასებით, ევროპარლამენტის რეზოლუციაში, ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხის ასახვის მცდელობა რუსეთის მიერ კუდის მოქნევა იყო.
ჟურნალისტებთან საუბარში ცისკარიშვილმა განაცხადა, რომ რუსეთმა ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის გარკვეულწილად დასაბალანსებლად, სცადა მასში მომხდარიყო მათი ,,ბოლო იმედის~ მხარდასაჭერი შესწორება.
,,გარკვეულწილად ეს იყო კუდის მოქნევა რუსეთის მხრიდან, მათი ინტერესების დასაკმაყოფილებლად და რეზოლუციის დასაბალანსებლად. მათ სცადეს რეზოლუციით ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში მომხდარიყო ჩარევა და მათი ,,ბოლო იმედის~ - პოლიტიკოსის გარკვეულწილად მხარდასაჭერი შესწორება შესულიყო. რაც გასაგები მიზეზების გამო არ მომხდარა, რეზოლუციაში არ არის შიდა საკითხები, არამედ, რეფორმები და პოლიტიკური საკითხები. რაც შეეხება მოქალაქეობის საკითხს, ეს სამართლებლივი საკითხია~, - აღნიშნა პეტრე ცისკარიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ევროპარლამენტში რეზოლუციის მიღების წინ, ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენის საკითხის დასმაც იგეგმებოდა, თუმცა, ეს საკითხი არ დასმულა.