საქართველოს რესპუბლიკური პარტია ევროპარლამენტის რეზოლუციის შესახებ საგანგებო განცხადებას ავრცელებს. განცხადების თანახმად, ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური მოვლენაა, როდესაც ევროპის უმაღლეს ორგანოში - ევროპარლამენტში - კიდევ ერთხელ დასტურდება რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, ეთნიკური წმენდა და დემოგრაფიული ვითარების ძალადობრივად შეცვლა, გაისმის მოთხოვნა რუსეთის ხელისუფლების მიმართ, რათა მან უპირობოდ შეასრულოს 2008 წ. 12 აგვისტოს შეთანხმება და გაიწვიოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ცალმხრივი აღიარება.
„რესპუბლიკელებს მიგვაჩნია, რომ ევროპარლამენტის 2011 წ. 17 ნოემბრის რეზოლუციაში ობიექტურად აისახა საქართველოში არსებული ვითარება, მართებულად ჩამოყალიბდა მოთხოვნები ქვეყნის ხელისუფლების მიმართ, როგორიცაა დაუყოვნებლივ მიიღოს ეფექტური ზომები ადვოკატების შეურაცხყოფისა და ცემის ფაქტების გამოიძიებისათვის; შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და დასაჯოს დამნაშავეები; უზრუნველყოს მედიის თავისუფლება, პლურალიზმი და გამოხატვის თავისუფლება; ამ მიზნით: ა) საშუალება მისცეს მედიას პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის გარეშე დამოუკიდებლად და ობიექტურად წარმართოს საკუთარი საქმიანობა; ბ) ჩაებას კონსტრუქციულ დიალოგში პოლიტიკურ ოპოზიციასთან, პრიორიტეტული მნიშვნელობა მიანიჭოს სასამართლო რეფორმას მისი სრული დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად რათა აღმოიფხვრას ადამიანის უფლებების, საკუთრების უფლებების და პოლიტიკური უფლებების შელახვა; გააუმჯობესოს პირობები თავისუფლების აღკვეთის ადგილებში; შექმნას სათანადო პირობები ბიზნესისა და ინვესტიციებისთვის, უზრუნველყოს კანონის უზენაესობა; შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოიყვანოს შრომითი უფლებები და სტანდარტები", - აღნიშნულია განცხადებაში.
რესპუბლიკელებს მიჩნიათ, რომ აშკარა და მისასალმებელია, რომ ევროპარლამენტი ყურადღებით ადევნებს თვალყურს საქართველოში მიმდინარე პროცესებს და ამახვილებს ყურადღებას არა მხოლოდ ქრონიკულად ქცეულ პრობლემებზე, არამედ ბოლო თვენახევრის მანძილზე პოლიტიკურად მოტივირებული დევნის შემთხვევებზეც, რასაც სათანადო რეაქცია უნდა მოჰყვეს როგორც ხელისუფლების, ისე საზოგადოების მხრიდან.