უმრავლესობის ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას დადებითად აფასებს და მას ისტორიულ დოკუმენტს უწოდებს.
~ევროპარლამენტის დონეზე უკვე სამართლებლივად დასაბუთდა და გამყარდა ის, რომ რუსეთი ჩვენს ტერიტორიაზე არის ოკუპანტი ძალა. ის შემოიჭრა სხვა სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე სამხედრო ძალით და მოახდინა ამ მიწების ოკუპაცია. აქვე მან განახორციელა ეთნიკური წმენდა. ასეთი მძლავრი დოკუმენტი მე არ მახსოვს რომ მიღებულიყო ამ დონის საერთაშორისო ფორუმებზე. აქედან გამომდინარე, დოკუმენტი არის უმნიშვნელოვანესი~ - განაცხადა ცისკარიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისივე თქმით, ეს რეზოლუცია არა მარტო ჩვენს გასაგონად იყო, არამედ, რუსი ოკუპანტების მისამართითაც მკაფიო მესიჯები იქნა გახმოვანებული.
გუშინ ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო, სადაც სამჯერ არის ნახსენები სიტყვა - ოკუპაცია.