ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ რეზოლუცია არის ფართო მოწონება და მხარდაჭერა, ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებაში ჩართულობის სტრატეგიის. ამის შესახებ ჟურნალისტებს სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში ეკა ტყეშელაშვილმა განაცხადა.
„ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში ერთ ასპექტზე გავამახვილებ ყურადღებას. ეს არის ის ფართო მოწონება და მხარდაჭერა, რომელიც ცალსახად გამოხატა ევროპარლამენტმა ჩართულობის სტრატეგიის მიმართ ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებაში. ცალსახა მხარდაჭერაა გამოხატული არა მარტო სტრატეგიის, არამედ სამოქმედო გეგმის მიმართ და მოწოდება საამისოდ, რომ საქართველო მხარდაჭერილი იყოს ამ გეგმის განხორციელების თვალსაზრისით. ამიტომ, ასეთი პოლიტიკური მხარდაჭერა ჩვენი გეგმისთვის და მისი განმახორციელებელი პროცესისადმი ბუნებრივია ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა ტყეშელაშვილმა.
მისი თქმით, ასევე უაღრესად მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ რეზოლუციაში ნახსენებია ეთნოწმენდა.
„ეს არის როგორც პოლიტიკური, ასევე სამართლებრივი დეფინიცია და თან მნიშვნელოვანია ისიც, რომ არ არის ლაპარაკი ამაზე, როგორც მომხდარ ფაქტზე, არამედ როგორც განგრძობათ ფაქტზე. არის მითითება იმაზე, რომ ამაზე პასუხისმგებლობა ოკუპანტ ხელისუფლებას ეკისრება. ეთნიკური წმენდა ისეა დანახული, როგორც უნდა იყოს პოლიტიკურად და სამართლებრივად. ეთნიკური წმენდა არ არის დასრულებული პროცესი. ეს განგრძობადი პროცესია მით უფრო იქამდე, სანამ ყველა ის ადამიანი, რომელიც გამოდევნილია საკუთარი სახლკარიდან, არ ექნებათ საშუალება უკან დაბრუნების. ამაზე პასუხისმგებლობის ნათლად კრისტალიზებაც ოკუპანტ ძალასთან მიმართებაში ძალიან მნიშვნელოვანია", - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.