უმრავლესობის წევრებმა დეპუტატი პეტრე მამრაძე დღეს კიდევ ერთხელ გააკრიტიკეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც 2 კომიტეტის სხდომაზე ევროპის პარლამენტში საქართველოს საკითხებზე მთავარი მომხსენებლის კრჟიშტოფ ლისეკის სიტყვით გამოსვლის შემდეგ პეტრე მამრაძემ დარბაზი დატოვა.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი მინაშვილს პეტრე მამრაძის სახელი და გვარი არ დაუკონკრეტებია და მხოლოდ ის განაცხადა, რომ დარბაზში ერთი კაცი იმყოფებოდა, რომელიც ყველას წინააღმდეგი არის.
"მიხვდა რომ ამ დარბაზში მისი ადგილი არ იყო" - განაცხადა მინაშვილმა.
სხდომის დასრულების შემდეგ მინაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველოს ევროსტრუქტურებისკენ სწრაფვაში, ქართული პოლიტიკური სპექტრი და პარლამენტი, ერთიანია, თუმცა არსებობენ გამონაკლისები.
"ერთი ასეთი გამონაკლისი დღეს ამ დარბაზში იყო, მიხვდა რომ დებატები წინასწარ ჰქონდა წაგებული" - განაცხადა მინაშვილმა და დასძინა, რომ ის, საზოგადოების მარგინალური ნაწილია.