ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია წინ გადადგმული ნაბიჯია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დასაბრუნებლად, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა კობა სუბელიანმა განუცხადა.
მისი თქმით, მთელმა მსოფლიომ აღიარა რომ ეს არის რუსეთის მხრიდან ოკუპაცია და ეთნოწმენდა, რომელიც ოდესღაც აუცილებლად დასრულდება.
"უკანასკნელი ერთი წლის განმავლიბაში ასეთი მკაცრი შეფასება არ მსმენია. ეს არის კიდევ ერთი წინ გადადგმუილი ნაბიჯი ოკუპირებული ტერტორიების დასაბრუნებლად. მთელმა მსოფლიომ აღიარა, რომ რუსეთის ჩვენი ტერიტორიების ნაწილი აქვს ოკუპირებული. ეს არის სრული ოკუპაცია. ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი აღნიშნული ტერიტორიებიდან ჰყავთ გამოდევნილი. ეს არის მდგომარეობის უკვე დასმული წერტილი და ამ მდგომარეობის შეცვლა სამომავლო საქმეებზეა დამოკიდებული. მთავარია, რომ ათვლის წერტილი დაიწყოს და ოკუპაცია ოდესღაც დასრულდება", - განაცხადა სუბელიანმა.
მისი თქმით, იმაზე საუბარი, თუ როდის დასრულდება ოკუპაცია ამ დროისთვის არასერიოზულია.
"მთავარია, რომ ეს ოდესღაც დამთავრდება. დამთავრდება ისევე როგორც ბერლინის კედელიდა ა.შ. " - აღნიშნა მინისტრმა.