მიხეილ სააკაშვილმა ევროპარლამენტის მიერ დღეს მიღებულ რეზოლუციას ისტორიული უწოდა. როგორც მიხეილ სააკაშვილმა დღეს საღამოს, მოსახლეობისადმი პირდაპირი სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა, ეს რეზოლუცია საქართველოსთვის რამდენიმე ასპექტით არის მნიშვნელოვანი "ჩვენს დიდ ბრძოლაში საქართველოს საბოლოო გათავისუფლებისთვის".
"ამ რეზოლუციით, მსოფლიოს ყველაზე ავტორიტეტულმა არჩევითმა ორგანომ რეზოლუციის მრავალ პუნქტში დააკანონა, რომ რუსეთის ყოფნა საქართველოში არის უკანონო სამხედრო ოკუპაცია", - განაცხადა პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ ეს ეს რეზოლუცია არის მნიშვნელოვანი დიდ ბრძოლაში საქართველოს საბოლოო გათავისუფლებისთვის, საბოლოო დეოკუპაციისთვის და ჩვენი ქვეყნის უკეთესი დემოკრატიული მომავლისთვის.
"რეზოლუციაში კიდევ ერთხელ ორაზროვნად დაფიქსირებულია, რომ რუსეთი ახორციელებს საქართველოს რეგიონების უკანონო ოკუპაციას", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით დღეს რეზოლუცია მიიღო, რომელშიც რუსეთს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შეწყვეტისკენ მოუწოდა. ამგვარი პოზიცია დაფიქსირდა დოკუმენტში, რომელიც კშიშტოფ ლისეკის მიერ წარდგენილი ანგარიშის საფუძველზე მიიღეს.
ევროპარლამენტის წევრები მოუწოდებენ ევროკავშირს, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ოკუპირებულ ტერიტორიებად აღიაროს და აწარმოოს მოლაპარაკებები რუსეთთან, რათა მთლიანად შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და დაუშვას ოკუპირებულ ტერიტორიებზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ამავე რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ევროკავშირმა უნდა მოუწოდოს რუსეთს, შეცვალოს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების გამოყოფის აღიარება და დაასრულოს საქართველოს ამ ტერიტორიების ოკუპაცია.
რეკომენდაციების მიღებას მხარი დაუჭირა 527-მა დეპუტატმა, 23 წინააღმდეგი იყო, ხოლო 34-მა თავი შეიკავა.