„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერები დღეს ფინანსთა მინისტრს დიმიტრი გვინდაძეს შეხვდნენ. მინისტრის განცხადებით, ფინანსთა სამინისტრომ 213 მილიონი ლარი დაზოგა და ეს ტანხა ძირითადად კაპიტალური ინფრასტრუქტურის პროექტების დაფინანსება მოხმარდება. „ქრისტიან-დემოკრატების" აზრით, ფინანსთა სამინისტრო კვლავ არასწორ პრიორიტეტებს სვამს. ლევან ვეფხვაძის თქმით, თავდაცვის სამინისტროში 44 მილიონის ლარის მატებისა და სამინისტროების ბიუროკრატიული აპარატის დაფინანსების ზრდის სანაცვლოდ უმჯობესია ეს თანხები სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და განათლების პროგრამებს მოხმარდეს.
„როგორც ცნობილია ფინანსთა სამინისტრომ 213 მილიონი ლარი დაზოგა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოსახლეობის უპირველესი მოთხოვნილებები დაკმაყოფილდეს. „ქრისტიან-დემოკრატები" მოვითხოვთ, რომ ფინანსთა სამინისტრომ სწორი პრიორიტეტები დასვას, რაც მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახება"- განაცხადა გიორგი თარგამაძემ.