ევროპარლამენტი დღეს საქართველოს შესახებ რეზოლუციას განიხილავს. დეპუტატები კენჭს უყრიან დოკუმენტს, სადაც რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ქმედებები ოკუპაციად არის შეფასებული. მასში აქცენტი კეთდება ასევე საქართველო-ევროკავშირის ორმხრივ ურთიერთობებზე, თავისუფალ ვაჭრობაზე, ვიზებსა და უსაფრთხოებაზე. ქართული მხარე ყველაზე მნიშვნელოვნად სიტყვა ოკუპაციის გამოყენებას მიიჩნევს. თბილისში იმედოვნებენ, რომ რეზოლუციას ევროპარლამენტში მიიღებენ.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს რეზოლუცია, რადგან ამკვიდრებს ტერმინს ოკუპაციას. ამ გზით მოვუწოდებთ სხვებსაც, რომ გამოყენებული იქნას ასეთი შეფასება საქართველოში არსებული მდგომარეობის. დოკუმენტში საუბარი მთელ რიგ საკითხებზეა. დაწყებული საქართველო-ევროკავშირის ორმხრივი დღის წესრიგით, დამთავრებული უსაფრთხოების საკითხებით", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგი კაპანაძემ.