ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა ხელი მოაწერა განკარგულებას პარლამენტის ქვედა პალატის დათხოვნისა და ვადამდელი არჩევნების 2012 წლის 15 იანვარს დანიშვნის თაობაზე.
ქვეყნის ქვედა პალატის 98 დეპუტატის არჩევა, კანონმდებლობის მიხედვით, მოხდება პროპორციული წესით - პარტიული სიებით და პირდაპირი და ფარული კენჭისყრით. 9 დეპუტატს აირჩევს ყაზახი ხალხის ასამბლეა, რომლის სხდომაც 2012 წლის 16 იანვარს გაიმართება. ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დაევალა ვადამდელი არჩევნების ჩატარების ორგანიზება, ხოლო ქვეყნის მთავრობას არჩევნების მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური საკითხების ორგანიზება. ქვედა პალატის არჩევნები 2012 წლის აგვისტოში უნდა გამართულიყო, თუმცა პარლამენტის 53-მა წევრმა მიმართა ქვეყნის პრეზიდენტს, ქვედა პალატის ვადამდე დათხოვნის შესახებ. გადაწყვეტილების მოტივაციად პარლამენტარებმა დაასახელეს ერთ პარტიული საპარლამენტო სისტემიდან მრავალ პარტიულ საპარლამენტო სისტემაზე გადასვლის აუცილებლობა. კანონის მიხედვით, მომავალ პარლამენტში მინიმუმ 2 პოლიტიკური ძალა უნდა იყოს წარმოდგენილი. დეპუტატებმა აღნიშნეს, რომ მომავალ წელს მოსალოდნელია ახალი ეკონომიკური კრიზისები, რომელიც შესაძლოა შეეხოს ყაზახეთსაც და აღნიშნულიდან გამომდინარე ქვეყანაში ეკონომიკური პრობლემების დადგომამდე აუცილებელია "ელექტორალური" პერიოდის გავლა.