ტაჯიკეთის ყურგან-ტიუბეს საქალაქო სასამართლო რუს მფრინავებთან დაკავშირებულ საქმეს ხატლონსკის საოლქო სასამართლოს გადასცემს. საოლქო სასამართლოს მოუწევს საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის გადახედვა. საოლქო პროკურატურამ გააკეთა განცხადება, სადაც რუსეთის მოქალაქის - ვლადიმერ სადოვნიჩევისა და ესტონეთის მოქალაქის - ალექსეი რუდენკოს მიმართ გამოტანილი განაჩენი ზედმეტად მკაცრად მიიჩნია.
ბრალდებულების ადვოკატი "ბი-ბი-სისთვის" გაკეთებულ კომენტარში აცხადებს, რომ სახელმწიფო ბრალდების პოზიცია გაუგებარია, რადგან თავად პროკურატურამ მოითხოვა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა. სასამართლომ კი ბრალდებულებს 8,5 წელი მიუსაჯა.
შეგახსენებთ, რომ მფრინავებს ბრალი ედებათ ტაჯიკეთის საზღვრის დარღვევაში, კონტრაბანდასა და სხვა დანაშაულებრივ ქმედებებში. სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის შემდეგ რუსეთის ხელისუფლებამ მკაცრი პროტესტი გამოთქვა, რასაც მოჰყვა ქვეყნიდან ტაჯიკების მასობრივი გაძევება. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ტაჯიკეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება მფრინავებისთვის სასჯელის შემცირების შესახებ სწორედ აღნიშნული გარემოებითაა გამოწვეული.