ფრაქცია "ერთობა სამართლიანობის" თავმჯდომარე, "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ცაგარეიშვილი საარჩევნო სიების გადამოწმებაზე შექმნილ კომისიას ფიქციას უწოდებს და დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება.
ჟურნალისტებთან საუბარში ცაგარეიშვილმა განაცხადა, რომ ამ კომისიის წევრებისგან რამდენიმე ადამიანის იდენტიფიცირება შესაძლებელია, რამდენიმესი - არა. ცაგარეიშვილის თქმით, ამ კომისიაში 5 წევრი "ნაციონალური მოძრაობიდან" არის, 1 წევრი ნაციონალებისგან განაყარი არასამთავრობო ორგანიზაციის - "ახალი თაობა ახალი ინიციატივის" წარმომადგენელია, თითო-თითო წევრი ჰყავს "განსაკუთრებული ოპოზიციური სულისკვეთების პარტიებს" - პაატა დავითაიას, გია თორთლაძესა და ედპ-ს.
"ახალ მემერჯვენეებს" მხოლოდ ამ კომისიაში გაუჩნდათ მართვის სადავეებთან მისვლის საშუალება და ამით დაკმაყოფილდა მათი ამბიციები. ეტყობა, "ახალ მემარჯვენეებს" საშუალება ექნებათ, კომისიაში მართონ თორთლაძისა და დავითაიას პარტიის წარმომადგენლები", - განაცხადა ცაგარეიშვილმა.
ფრაქციის თავმჯდომარის შეფასებით, ამ ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ პასუხს აგებენ ყველა იმ ნაბიჯზე, რომელსაც კანონისა და ხალხის წინაშე გადადგამენ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა საარჩევნო სიების დაზუსტების კომისია შექმნა, რომელიც უკვე დაკომპლექტდა. ახალ მემარჯვენეებს" საარჩევნო სიების დაზუსტების კომისიაში მართვის პრეტენზია აქვთ, რის შესახებაც "მემარჯვენეების" ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა კაციტაძემ განაცხადა.