17-18 ნოემბერს, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ტრანსპორტის საკითხებში პასუხისმგებელი, სიიმ კალასი და მისი კაბინეტის წევრები ეწვევიან.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 18 ნოემბერს, 10:00 საათზე, ოფიციალური შეხვედრების დაწყებამდე, სიიმ კალასი საჯარო ლექციას წაიკითხავს თემაზე: "Using Transport to Link the EU and its Eastern Neighbours". ლექცია ჩატარდება ინგლისურ ენაზე საჯარო ბიბლიოთეკის III კორპუსში (ლ.გუდიაშვილის № 7).
შეხვედრას დაესწრებიან ევროკომისიის, დიპლომატიური მისიების, სამინისტროების, საზღვაო ნავსადგურების, გადამზიდავი კომპანიების წარმომადგენლები და საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი ფაკულტეტების ლექტორები და სტუდენტები. მსმენელებს საშუალება მიეცემათ, კითხვით მიმართონ ვიცე-პრეზიდენტს.
ევროკომისიაში მოსვლამდე კალასი იყო ესტონეთის პრემიერ-მინისტრი, უფრო ადრე კი - ფინანსთა მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი და ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი. იგი სამჯერ იქნა არჩეული ესტონეთის პარლამენტში.
სიიმ კალასს ტრანსპორტის სფეროზე პასუხისმგებლობა 2010 წლის თებერვლიდან დაეკისრა. მანამდე, 2004-2010 წ.წ. ვიცე-პრეზიდენტის რანგში იგი ადმინისტრაციულ, აუდიტის და გაყალბების საწინააღმდეგო საკითხებზე იყო პასუხისმგებელი.