საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საგარეო საკითხებში კეტრინ ეშტონმა პრეზიდენტის სასახელში შეხვედრა გამართეს. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე კეტრინ ეშტონმა განაცხადა, მისთვის დიდი პატივია საქართველოში მეორედ ჩამოსვლა.
ეშტონმა ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალ ვაჭრობაზე. მისი თქმით, საქართველოს დიდი პროგრესი აქვს ვაჭრობის სფეროში და ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვან რეფორმებს ახორციელებს.
"სავაჭრო ურთიერთობების დამყარება მნიშვნელოვანია არა მარტო საქართველოს მოსახლეობისთვის, არამედ ევროკავშირისთვისაც. ვაჭრობის სფეროში საქართველოს დიდი რეფორმა აქვს", - განაცხადა ეშტონმა და აღნიშნა, რომ გაზაფხულზე დაიწყება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ტექნიკური დისკუსიები.
ეშტონმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა საქართველოსა და რუსეთს შორის მიღწეულ შეთანხმებაზე, რომელიც რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან იყო დაკავშირებული. ევროკავშირის წარმომადგენლმა მადლობა გადაუხადა საქართველოს იმ თანხმობისთვის, რომელიც მან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გააკეთა და განაცხადა, რომ რუსეთის ვმო-ში გაწევრიანება ქმნის შესაძლებლობას, კიდევ უფრო განვითარდეს რუსეთსა და ევროპას შორის სავაჭრო ურთიერთობები.