"რუსები მასობრივად ტოვებენ ქვეყანას" - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას "Los Angeles Times". სტატია ერთი ოჯახის ქვეყნიდან გაცილების აღწერით იწყება - "სამშობლოში თავისუფლად ვერ ვსუნთქავ, უბრალოდ, ვერ ვეგუები აზრს, რომ 12 წლის განმავლობაში ყოველდღე ტელევიზორში პუტინი უნდა დავინახო. შესაძლოა, მე ამდენ ხანსაც არ ვიცოცხლო, მაგრამ აქედან დაუყოვნებლივ უნდა წავიდე", _ აცხადებს ქვეყნიდან მიმავალი პოეტი იგორ ირტენიევი, რომელიც რუსეთს ოჯახთან ერთად ტოვებს.
"ირტენიევი და მისი ოჯახი რუსეთში მიმდინარე ემიგრაციის ახალი ტალღის წარმომადგენლები არიან, რომელსაც მრავალი უკვე უწოდებს "პუტინის ათწლეულის შედეგს", _ წერს სტატიის ავტორი და აღნიშნავს, რომ რუსეთის საანგარიშ პალატის ხელმძღვანელი სერგეი სტეპაშინი აცხადებს, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში რუსეთი დაახლოებით 1, 25 მილიონმა მოქალაქემ დატოვა. "ეს დაახლოებით იმდენივეა, რამდენიც 1917 წლის შემდეგ", _ აცხადებს სტეპაშინი.
სტატიაში აღნიშნულია, რომ 1970-1980 იანი წლებისგან განსხვავებით, რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც ქვეყანას ტოვებენ არ ყიდიან უძრავ ქონებასა და ავტომობილებს. ისინი უბრალოდმ ჩუმად მიემგზავრებიან.
"ემიგრაციის ტალღა და მათ შორის მრავალი განათლებული ადამიანის გადინებას მძიმე შედეგები მოაქვს 142 მილიონიანი ქვეყნისათვის, რომელშივ სიკვდილიანობა შობადობას აჭარბებს", _ ნათქვამია სტატიაში.
ექსპერტების ვარაუდით, რუსეთს ყოველწლიურად 100-150 ათასი ადამიანი ტოვებს. "ირეცხება ქვეყნის ინტელექტუალური პოტენციალი, მიდიან ყველაზე აქტიური, ჭკვიანი და მობილური ადამიანები", _ აცხადებს პოლიტოლოგი დიმიტრი ორეშკინი.