საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს ბანკის სათავო ოფისის ახალი შენობა გახსნა. "ძველი შენობების ახალი სიცოცხლე", - ასე უწოდა პრეზიდენტმა საქართველოს ბანკის ახალ სათავო ოფისს, რომელიც საგზაო დეპარტამენტის ყოფილ შენობაში განთავსდა.
შენობის გახსნას ეროვნული საქართველოს ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე და საქართველოს ფინანსთა მინისტრი დიმიტრი გვინდაძე ესწრებოდნენ.
როგორც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, ეს შენობა მსოფლიო არქიტექტურის შედევრია.
"აი, რას ნიშნავს კლასიკური, გიგი უგულავას გამონათქვამი - "ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე". ეს არის ძველი შენობების ახალი სიცოცხლე. ეს შენობა მსოფლიო არქიტექტურაში ერთ-ერთ შედევრად მიიჩნევა. იგი შეესაბამება იმ აღმშენებლობის ეპოქას, რომელსაც ჩვენ ყველანი ერთად ვქმნით საქართველოში", - განაცხადა პრეზიდენტმა.
სააკაშვილის თქმით, ქართველებს საბანკო საქმე კარგად გამოსდით და ქართველებს შორის ამას ყველაზე კარგად "საქართველოს ბანკის" ხელმძღვანელები აკეთებენ.
"საქართველოს ბანკი" ერთ-ერთი წარმატებული ბანკია ლონდონის ბირჟაზე. "ფაინენშელ თაიმსის" სტატიაში იგი შედარებულია სამ რუსულ კომპანიასთან და ნათქვამია, რომ ეს არის ერთ-ერთი წარმატებული ბანკი ლონდონის ბირჟაზე. "ფაინენშელ თაიმსი" წერდა იმ წარმატებებზე, რომელიც აქვს ბანკს, ადარებდა რუსულ ბანკებს და ამბობდა, რომ განსხვავება "საქართველოს ბანკს" და სამ რუსულ კომპანიას შორის ის არის, რომ "საქართველოს ბანკი" არის ნამდვილი ბანკი, რომელიც ეფუძნება ჯანსაღ ეკონომიკურ მაჩვენებლებს. რუსული კომპანიები კი ეფუძნებიან რესურსებს, მაგრამ ამ რესურსების უკან არ დგას არც ინტელექტუალური, არც ორგანიზაციული რესურსი. სისტემა კი, რომელსაც ის ეფუძნება, არის ის, რაც ჩვენ მოვიშორეთ 2003 წლის შემდეგ", - განაცხადა სააკაშვილმა.