დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს მთავარი საბჭო აფასებს როგორც გაუაზრებელს და უპასუხისმგებლოს პრეზიდენტისა და ხელისუფლების მოქმედებას, შეცვალოს 2003 წლის 2 ნოემბრის რეფერენდუმით გამოხატული ამომრჩევლის ნება და საქართველოს პარლამენტის წევრთა რაოდენობა 190 დეპუტატამდე გაზარდოს.
"ჯერ კიდევ 27 ივნისს, მაშინ როცა აღნიშნული კანონპროექტის ინიცირება დაიწყო, დემოკრატიულმა მოძრაობამ თავისი პოზიცია დააფიქსირა და განაცხადა რომ რეფერენდუმით მიღებული ცვლილებების თვითნებური შეცვლა საქართველოს კონსტიტუციისა და რეფერენდუმის შესახებ კანონის უხეში იგნორირებაა", - ნათქვამია დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს მთავარი საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
"დემოკრატიული მოძრაობა" აღნიშნავს, რომ საქართველოს კანონმდებლობა იმპერატიულად განმარტავს, რომ რეფერენდუმის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების შეცვლა ან გაუქმება შეიძლება მხოლოდ რეფერენდუმით. ასევე, რეფერენდუმის შედეგების ბათილად ცნობის უფლება აქვს მხოლოდ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს. უფრო მეტიც, კანონის თანახმად ნებისმიერი ნორმატიული აქტი და მათ შორის კონსტიტუციაც, არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს რეფერენდუმის შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებას.
"ჩვენი ქვეყნის დღევანდელი ხელისუფლება ამ საკანონმდებლო ცვლილების მეშვეობით გამოხატავს უპატივცემულობას არა მარტო რეფერენდუმის იდეის მიმართ, არამედ იმ მილიონობით ადამიანის მიმართ , რომელმაზ ხმა მისცა ამ ცვლილებებს და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მათთვის კანონის უზენაესობის იდეა და ხალხის აზრზე საუბარი პიარის გარდა არაფერს ნიშნავს. განსაკუთრებული ცინიზმია ,რომ მიხეილ სააკაშვილს და მის ხელისუფლებას აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებას სჭირდება მხოლოდ დემოკრატიის ფასადის დასახატად და იმ პარტიებთან სავაჭროდ, რომლებისთვისაც ქვეყნის გადარჩენისთვის ბრძოლაზე მნიშვნელოვანი პარლამენტში რამდენიმე ადგილის მოპოვებაა", - ნათქვამია განცხადებაში.