პარლამენტში, მთავრობის ათპუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით, პოლიტიკური დებატები გაიმართება.
ბიუროს დღევანდელ სხდომაზე, "ქრისტიან-დემოკრატმა" ვიცე-სპიკერმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, რომ მმართველ უმრავლესობას დაგეგმილი აქვს, ათპუნქტიანი გეგმა სოფელ-სოფელ გააცნოს მოსახლეობას. ვეფხვაძე მიიჩნევს, რომ ამ გრძელვადიან პროგრამაზე მეტად, მოსახლეობას შეშით მომარაგება და სხვა უფრო ახლოვადიანი პრობლემები აწუხებს.
ვეფხვაძის თქმით, მთავრობის ათპუნქტიან გეგმაზე ჯერ პარლამენტში უნდა შედგეს პოლიტიკური დებატები და ოპოზიციას აზრის გამოთქმის საშუალება მიეცეს.
ვეფხვაძეს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ მელიქიშვილი გამოეხმაურა. მან აღნიშნა, რომ მთავრობის გეგმის თითოეული პუნქტი გათვლილია შედეგზე, თუმცა უმრავლესობა თანახმაა დებატები გაიმართოს.
"რაც შეეხება ჩვენს გეგმებს, დიახ, ვივლით სოფელ-სოფელ, ქალაქ-ქალაქ, ქუჩა-ქუჩა და სხვებისგან განსხვავებით შევხვდებით მოსახლეობას", - აღნიშნა მელიქიშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ მოუწოდა საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას, სამშაბათამდე შეთანხმდნენ პოლიტიკური დებატების კონკრეტულ თარიღზე.