~ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის~ რამდენიმე მუხლით დაჯარიმებული პირები ადმინისტრაციული სახდელებისგან გათავისუფლდებიან.
დაკისრებული სახდელისგან გათავისუფლება შეეხება კოდექსის 53/2-ე მუხლით დაჯარიმებულ პირებს. აღნიშნული მუხლი მიწის ნაკვეთის არამიზნობრივად გამოყენებას და ამ ქმედების ჩამდენის 500-იდან 1000 ლარამდე დაჯარიმებას ითვალისწინებს.
ჯარიმისგან თავისუფლდებიან უკანონო ტყითსარგებლობის გამო (მუხლი 66) დაჯარიმებული პირები, რომელთაც 500 ლარის ოდენობის ჯარიმა და მასთან ერთად სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია დაეკისრათ.
მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტით დაჯარიმებისგან ხე-ტყის პირველადი გადამუშავების, ხე-ტყის ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის მოთხოვნათა დარღვევის გამო სანქციადაკისრებული პირებიც უნდა გათავისუფლდნენ. ამნისტია 128/2 მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით გათვალისწინებულ ქმედებებსა და 2000- და 4000- ლარიან ჯარიმებს ეხება.
ამავე პროექტში კოდექსის 128/3-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით გათვალისწინებული ქმედებებიც არის ჩადებული, რაც ხე-ტყის პირველადი გადამამუშავებელი ობიექტის (სახერხი საამქრო) ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევას ეხება და 500 ლარიდან და 1000 ლარის ოდენობის ჯარიმების ამნისტირებას ითვალისწინებს.
შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივით მთავრობამ პარლამენტს უკვე მიმართა. მასზე კომიტეტები მსჯელობას ამ კვირაში დაიწყებენ.