ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევასთან დაკავშირებით ზოგიერთი მუხლის ამნისტირება ხდება. "ზოგიერთ ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ" კანონპროექტი პარლამენტში დღეს შევიდა.
კანონპროექტის მიხედვით, მავნე ნივთიერებათა გაფრქვევათან დაკავშირებული ჯარიმებისგან გათავისუფლდებიან პირები, რომელთაც ეს დანაშაული მიმდინარე წლის 1-ელ ნოემბრამდე ჩაიდინეს და ისინი ჯერ არ გადაუხდიათ.
კერძოდ, ე.წ. ამნისტია შეეხებათ პირებს, თუ ისინი 500-იდან 1000 ლარამდე იყვნენ დაჯარიმებულები ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ან/და დროებით შეთანხმებული გაფრქვევის დამტკიცებული ნორმების გადამეტებისთვის, ატმოსფერულ ჰაერზე მავნე ზემოქმედების (მათ შორის, ხმაურის, ვიბრაციის, ელექტრომაგნიტური ველების) დადგენილი ნორმების გადამეტებისთვის.
ჯარიმებისგან ასევე გათავისუფლება შეეხება პირს, რომელიც 400-იდან 600 ლარამდე იყო დაჯარიმებული ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურებისთვის ნებისმიერი ტიპის ნარჩენების (მათ შორის, ფოთლების, საბურავების) ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარებში დაწვისთვის.
ჯარიმისგან გათავისუფლდება ასევე პირი, რომელმაც ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების აღრიცხვის მონაცემები დადგენილი ფორმითა და დადგენილ ვადებში არ წარადგინა - ეს ქმედება ზოგადად, 150 ლარით ისჯება.
კანონპროექტს პლენარულ სხდომაზე პარლამენტი მომავალ კვირას განიხილავს.