არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკონომიკური პოლიტიკის ინსტიტუტი" შეშფოთებულია კომპანია სითი პარკის მიერ განხორციელებული ცალკეული ქმედებების გამო. ამის შესახებ მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. „ეკონომიკური პოლიტიკის ინსტიტუტი" მიიჩნევს, რომ ყურადსაღების ის ფაქტი, რომ ყველა იმ მძღოლს, რომელსაც ამოუწურა ვადა პარკირების გადახდილი საფასურის გამო, კომპანია სითი პარკი მომენტალურად აჯარიმებს, რაც, ერთი მხრივ, სამართლიანი გადაწყვეტილებაა, თუმცა, მეორე მხრივ, კომპანია სითი პარკი არანაირ გონივრულ დროს არ აძლევს მძღოლებს პარკირების საფასურის ახლიდან გადახდისათვის.
„ჩვენი ორგანიზაციის ინფორმაციით, მასიურია შემთხვევები, როდესაც მძღოლების დაჯარიმება მოხდა პარასკევ დღეს, შაბათს და კვირას კი მძღოლების ნაწილმა ობიექტური მიზეზების გამო (დასვენების დღეებში ბანკების ფილიალების შეზღუდული მუშაობის გამო) ვერ შეძლეს პარკირების საფასურის გადახდა (ამასთან, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ გადახდა ხდება მხოლოდ საქართველოსა და ლიბერთი ბანკში), ხოლო სითი პარკმა კი წარმატებით დააჯარიმა თითქმის ყველა ასეთი მძღოლი. ინსტიტუტმა ინფორმაცია გადაამოწმა კომპანია სითი პარკის „ცხელ ხაზზე" და მათ დაადასტურეს, რომ არ აქვს მნიშვნელობა საფასურის ახლიდან გადახდას დასვენების დღე ემთხვევა თუ არა, კომპანიას შეუძლია მძღოლები დააჯარიმოს ყოველდღე და დღეში რამოდენიმეჯერ. მივიჩნევთ, რომ აუცილებელია დაჯარიმებიდან პარკირების საფასურის ახლიდან გადახდამდე მძღოლებს მიეცეთ გონივრული დრო, საშუალოდ, ერთიდან ხუთ სამუშაო დღემდე. ჩვენ ვთვლით, რომ, ძირითადად, არსებობენ კეთილსინდისიერი მძღოლები, რომლებიც თავს არ არიდებენ სითი პარკის მიერ დაწესებულ გადასახადს, თუმცა, სითი პარკის მხრიდან არაადექვატური ქმედებების გამო, ბევრი კეთილსინდისიერი მძღოლო უსაფუძვლოდ ჯარიმდება", - ნათქვამია განცხადებაში.
„ეკონომიკური პოლიტიკის ინსტიტუტი" მოუწოდებს სითი პარკს - „გამოიჩინოს მეტი კეთილგონიერება, შესაბამისად, „ჩასაფრებულის" პოზიციის ნაცვლად, იქცეს მძღოლების რეალურ პარტნიორად, გართულების ნაცვლად გაუადვილოს მძღოლებს მათთან უერთიერთობა".