რეგიონებში მცხოვრებმა დევნილებმა სახელმწიფოსგან დახმარების სახით შაქარი და მარილი მიიღეს. ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და გუბერნიის ორგანიზებით დევნილი საზოგადოებისთვის მსგავსი სახის დახმარება პერიოდულად ხორციელდება, რაც მათთის სხვადასხვა სახის პროდუქტით დახმარებას გულისხმობს.
ამჯერად დახმარების განაწილება სამეგრელოს რეგიონის ყველა კომპაქტურ ჩასახლებაში მიმდინარეობს. თითო ოჯახზე განკუთვნილია 5 კილო შაქარისა და 4 კილო მარილის დარიგება. ამ ეტაპისთვის, სამეგრელოში დახმარება 5 000-მდე დევნილმა ოჯახმა მიიღო, დანარჩენი ოჯახებისთვის დახმარება გრძელდება.
როგორც დევნილები აცხადებენ, მათთვის მსგავსი დახმარება პერიოდულად ხორციელდება, რაც დიდი შეღავათია: „ხან პურის ფქვილს გვირიგებენ, ხან ბურღულეულს, ქათმებიც კი მოგვიყვანეს, რაც ჩვენთვის შეღავათია. ყურადღებას გვაქცევენ და რისი შესაძლებლობაც არსებობს, არ ვავიწყდებით."
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ აღნიშნულ, მცირედ დახმარებას რეგიონებში, კოპაქტურ ობიექტებში მცხოვრები დევნილები მიიღებენ. მსგავსი ჰუმანიტარული აქციები კი სხვადასხვა ფორმით გაგრძელდება.