საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის განცხადებით, საქართველო-რუსეთს შორის მიღწეული შეთანხმებით, რუსეთმა ნაწილობრივ აღიარა, რომ ოკუპირებული რეგიონები საქართველოს ტერიტორიები არიან.
„რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით საქართველო რუსეთს შორის მოლაპარაკებები დასრულდა. დასრულდა საბედნიეროდ წარმატებით. საქართველომ შესძლო, რომ მის მიერ დათქმულ პირობებზე დაეყოლიებინა რუსეთი შვეიცარიის დახმარებით. შეთანხმება ითვალისწინებს გეოგრაფიულ აღნიშვნას. აქ არის საუბარი მთლიან დერეფანზე, რომელიც იქნება რუსეთ-საქართველოს საზღვარზე განლაგებული, სადაც მონიტორები უნდა განთავსდნენ, კერძოდ კი, ფსოუზე, როკზე და ლარსის მონაკვეთზე. თვითონ დერეფნის აღწერა რთულია იმდენად რამდენადაც შეთანხმებაში საუბარი არის გეოგრაფიულ აღნიშვნაზე. მაგრამ ვიტყვი იმასაც, რომ საუბარია კონკრეტულად რუსეთ-საქართველოს საზღვარზე და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საზღვარზე ორ ნაწილში და დამატებით კიდევ ლარსზე. ჩვენთვის ეს ძალიან დიდი მიღწევაა, რადგან ამით პრაქტიკულად ხაზი გაესვა იმას, რომ რუსეთი ნაწილობრივ აღიარებს იმას, რომ ეს არის საქართველოს ტერიტორია", - განაცხადა კალანდაძემ.
მისივე თქმით, საგარეო უწყება საქართველო-რუსეთს შორის ტვირთბრუნვის მონიტორინგის რუკებს უახლოეს მომავალში გამოაქვეყნებს.