მოსკოვში საქართველოს სექციის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით ქართული მხარე რუსეთისგან მოლაპარაკების დაწყებას მოითხოვს. ამის შესახებ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა. მისი თქმით, ამის შესახებ ქართულმხა მხარემ შვეიცარიელ შუამავლებს გადასცა ნოტა.
„ჩვენ 11 ნოემბერს ვესაუბრეთ შვეიცარიის ელჩს, რომელიც დაბარებული გვყავდა საგარეო საქმეთა სამინისტროში. მას ავუხსენით ვითარება და დამატებით გადავეცით კიდევ ერთი ნოტა. ერთი ასეთი ნოტა ზაფხულში უკვე გაიგზავნა, რომლითაც ვთხოვეთ მოლაპარაკების წარმოება რათა მოხდეს საკონსულო ფუნქციების შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფა. ამჯერად კიდევ ერთხელ გვექნება მცდელობა რუსეთთან ამ საკითხზე მოვილაპარაკოთ. თუ ჩვენი ეს მცდელობაც შედეგს არ გამოიღებს შემდგომში უკვე ალბათ სხვა ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს", - განაცხადა კალანდაძემ.
მისი თქმით, ამ დროისთვის სექციის მუშაობა კვლავ შეფერხებულია.
„2011 წლის 21 ოქტომბერს მოსკოვში მდებარე შენობაში განთავსებულ საქართველოს ინტერესების სექციას კვლავ შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება. ჩვენ რამდენიმე მოლაპარაკება ვაწარმოეთ როგორც შვეიცარიის მხარესთან ისე შვეიიცარიის გავლით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, რათა აღდგენილიყო ჩვენი სექციის შეუფერხებელი ფუნქციონირება. მიუხედავად ამისა, რუსეთის ფედერაციამ ყურად არ იღო ჩვენი თხოვნა. შეგახსენებთ, რომ როდესაც შეთანხმებას ხელი მოეწერა საქართველოსა და შვეიცარიას შორის და შვეიცარიასა და რუსეთის ფედერაციას შორის იმის თაობაზე, რომ საკონსულო ფუნქციები უნდა შეეთავსებინა შვეიცარიას 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ჩვენ მთავარ მიზანს წარმოადგენდა, რომ შეუფერხებელლად და გამართულად ფუნქციონირებდეს საკონსულო სამსახური და დაცული ყოფილიყო ჩვენი მოქალაქეების ინტერესი, ისევე როგორც რუსი მოქალაქეების ინტერესი. ამ წუთისთვის სწორედ ეს უმთავრესი ფუნქცია საკონსულოსი არის შეფერხებული", - აღნიშნა კალანდაძემ.