საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის განცხადებით, ამ ეტაპზე არ არსებობს საფრთხე იმისა, რომ ტაივანმა საქართველოს ოკუპირებული რეგიონები - აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ ტერიტორიებად აღიაროს. კალანდაძის თქმით, საქართველოს საგარეო უწყება ფლობს ინფორმაციას რუსეთში ტაივანის წარმომადგენლის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ტაივანი აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მარიონეტულ რეჟიმებთან ეკონომიკური ურთიერთობის დამყარებას გეგმავს.
„ამ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ფლობს, რომ ამ ტიპის განცხადება თითქოს და გაკეთდა. იცით, რომ რუსეთის ფედერაცია მსოფლიოს ასპარეზზე ძალიან აქტიურად მუშაობს იმაზე, რომ მის მიერ უკანონოდ აღიარებული საქართველოს ტერიტორიების ლეგიტიმაციის გაზრდა ცადოს სხვადასხვა გზით. წარუმატებლად მიმდინარეობს აღიარების პოლიტიკა. რუსეთი ცდილობს ეკონომიკური ურთიერთობები დამყარდეს ამ რეგიონებთან საქართველოს მხარის ავლით. რუსეთს აქვს მცდელობა თავისი გავლენის ქვეშ მოაქციოს სხვადასხვა სახელმწიფო. მიუხედავად ამისა, გარწმუნებთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ძალიან აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით საბედნიეროდ აქამდე ძალიან წარმატებით და ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ მომავალშიც ეს ჩვენი ძალისხმევა იქნება წარმატებული. ჩვენ ამ ეტაპზე აღიარებასთან დაკავშირებით განსაკუთრებულ საფრთხეებს არ ველოდებით", - აღნიშნა კალანდაძემ.
შეგახსენებთ, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტაივანი აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მარიონეტულ რეჟიმებთან ეკონომიკური ურთიერთობის დამყარებას გეგმავს.