საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ცხინვალის რეგიონში გამართულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს ეხმიანება. როგორც დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა, საქართველოს ოკუპიებულ რეგიონში გამართული ე.წ. არჩევნები საოკუპაციო რეჟიმების და მისი მარიონეტული რეჟიმების ფსევდოდემოკრატიული თამაშების გამოხატვის მორიგი მცდელობაა.
„თუ რა შედეგით წარიმართება ე.წ. არჩევნები არც ჩვენთვის და არც საერთაშორისო თანამემობრობისთვის არსებითი მნიშნელობა არ გააჩნია. რეალურად, აქ არის საუბარი იმაზე, რომ ერთი მარიონეტული რეჟიმი ჩანაცვლდეს მეორე მარიონეტული რეჟიმით და ჩატარდეს არჩევნები საქართველოს იმ ტერიტორიაზე სადაც მოსახლეობის 2/3-ს წართმეული აქვს უფლება მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა და ეს უფლება წართმეული აქვთ სწორედ ეთნიკური წმენდის შედეგად", - აღნიშნა კალანდაძემ.
მისი თქმით, ქართული მხარე მიესალმება საერთაშორისო თანამეგობრობის ერთსულოვან პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით.
„საერთაშორისო თანამეგობრობა ერთსულოვანია ამ საკითხთან მიმართებაში და მას ძალიან ადეკვატურად აფასებს. მიუხედავად ამისა, ჩვენ საერთაშორისო თანამეგრობრობას კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, რომ ამ კონკრეტულ აქტსაც შესაბამისი ადეკვატური შეფასება მისცეს", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
შეგახსენებთ, რომ ცხინვალის რეგიონში დე-ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები გუშინ, 13 ნოემბერს გაიმართა.