მოსკოვიდან ტაჯიკების მასობრივი გამოყრა დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოსკოვის მიერ ტაჯიკეთისათვის გაცემულ "ასომეტრიულ პასუხზე" საურობს.
ამავე დროს რუსეთის ფედერალური საიმიგრაციო სამსახურმა უკვე გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ არალეგალი მიგრანტების წინააღმდეგ სპეციალური რეიდების ჩატარებას არ გეგმავს.
მიუხედავად ამისა, დღეს დილიდან მოსკოვში მყოფი ასობით ტაჯიკეთის მოქალაქე სამსახურის გარეშე დარჩა. ტაჯიკეთის სასამართლოს მიერ რუსული ავიაკომპანიის მფრინავებისათვის განაჩენის გამოტანიდან სამი დღის შემდეგ რუსეთის ფედერალურმა საიმიგრაციო სამსახურმა ტაჯიკეთის ასობით მოქალაქე დააკავა. უახლოეს დროში მათ სამშობლოში დააბრუნებენ.
რუსული მედია ასებე იუწყება, რომ მოსკოვის ზოგი გამანაწილებელი უკვე გადავსებულია სადეპორტაციოდ გამზადებული ტაჯიკეთის მოქალაქეებით.
შეგახსენებთ, რომ დუშანბეს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით რუსული ავიაკომპანიის ორ მფრინავს რვანახევარი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მათ ბრალად ედებოდათ კონტრაბანდა, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა და ფრენის წესების დარღვევა.