ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებისათვის საინფორმაციო ცენტრი გაიხსნა. ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, საინფორმაციო ცენტრი ცხინვალში მდებარე სასტუმრო "ალანის" პირველ სართულზე გაიხსნა. ე.წ. ცესკოს თავმჯდომარის ბელა ფლიევას ინფორმაციით, საინფორმაცო ცენტრი არჩევნების დღეს და მომდევნო დღესაც იმუშავებს. საინფორმაციო ცენტრი ხვალ მუშაობას 10:00 საათზე დაიწყებს.
ფლიევას ინფორმაციით, საარჩევნო უბნები 20:00 დაიხურება, რის შემდეგად ხმების დათვლა დაიწყება. "ვგეგმავთ, რომ 23:00 საათისათვის არჩევნების წინასწარი შედეგები უკვე ცნობილი იქნება", _ აცხადებს ფლიევა.
სეპარატისტები ე.წ. არჩევნებისათვის 86 საარჩევნო უბნის გახსნას გეგმავენ. მათ შორის ერთი გახსნილი იქნება მოსკოვში, ერთი - ჩრდილოეთ ოსეთში და ერთი - აფხაზეთში. ოსური მხარის ინფორმაციით, არჩევნებს 80-ზე მეტი დამკვირვებელი დაკვირდება და მათ 50-ზე მეტი უცხოელი ჟურნალისტი გააშუქებს.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ცხინვალის რეგიონში ცვალ 13 ნოემბერს გაიმართება. ამ დროისათვის ე.წ. სამხრეთ ოსეთის "პრეზიდენტის" თანამდებობაზე პრეტენზიას 11 ადამიანი აცხადებს.