პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, პავლე კუბლაშვილმა, ოპოზიციონერ დეპუტატს, ჯონდი ბაღათურიას მოუწოდა, ციფრებზე არ ილაპარაკოს. ეს განცხადება კუბლაშვილმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ბაღათურიამ 2012 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას ეკონომიკური მაჩვენებლის შემცირებაზე ისაუბრა.
კუბლაშვილის თქმით, ყველა შეფასების კრიტერიუმით ეკონომიკა იზრდება, გარდა ჯონდი ბარათურიას კრიტერიუმებისა.
კუბლაშვილმა "ქრისტიან-დემოკრატ" მაგდა ანიკასვილსაც მიმართა და მის შეფასებებსაც არ დაეთანხმა.
"თუ პროცენტულ მაჩვენებლებს შევხედავთ, ბიუჯეტის 30% ჯანდაცვის მიმართულებაზე იხარჯება. ყველა სხვა სფეროს დაფინანსება გაცილებით დაბალია. ეს არის ჩვენი ხედვა, თუ რა მნიშვნელოვანი ხარჯები უნდა გაწიოს სახელმწიფომ ბიუჯეტიდან. ჩვენი საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ ვიტყვი: ამ ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილი სოციალურ და საპენსიო უზრუნველყოფაზე იხარჯება", _ აღნიშნა კუბლაშვილმა.