რუსეთში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების წინ, სტრატეგიული გათვლების ცენტრმა, რომელმაც ვლადიმერ პუტინის პირველი საპრეზიდენტო ვადისთვის პროგრამა დაწერა, რუსეთის სახალხო მეურნეობის აკადემიასთან ერთად ანგარიში წარმოადგინა, რომელშიც ტანდემისა და სახელისუფლებო პარტიისთვის უკიდურესად არაკეთილსაიმედო დასკვნებია გაკეთებული.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ტანდემის ადგილების გაცვლა მათი პოლიტიკური ბრენდისთვის დარტყმის მიმყენებელი აღმოჩნდა და ამან შესაძლოა დამატებითი რისკები შექმნას ისედაც მოუქნელი პოლიტიკური სისტემისთვის. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
"ბოლო დროს რუსეთში "ხარისხიანად ახალი სიტუაცია შეიქმნა": ყველა მსხვილ ქალაქში უმრავლესობაში აღმოჩნდნენ ისინი, ვინც ხელისუფლებისადმი ნეგატიურად არიან განწყობილნი", - აცხადებს სტრატეგიული გათვლების ცენტრის დირექტორი მიხაილ დიმიტრიევი. ექსპერტების განცხადებით, ახლა სულ უფრო და უფრო პოპულარული საზოგადოებაში ხელისუფლების დაცინვა ხდება", _ წერს "ნეზავისიმაია გაზეტა".
ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ხელისუფლებისადმი და პირადად ვალდიმერ პუტინისა და დიმიტრი მედვედევისადმი ნდობის დაკარგვის პროცესი ჯერ კიდევ 2010 წელს დაიწყო, მათ უკმაყოფილოთა უმეტესი ნაწილი ე.წ. მოსახლეობის საშუალო ფენაა. პუტინის ტრადიციული რიტორიკა მათ მოლოდინებს არ შეესაბამება, ვინაიდან სხვა სოციალური ფენისთვისაა განკუთვნილი. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ადრე "ტანდემის იდეა, რომელშიც საშუალო კლასის წარმომადგენლების ინტერესებს მედვედევი წარმოადგენდა და მეტად წარმატებული იყო, ადგილების გაცვლის შესახებ განცხადების გაკეთების შემდეგ კი "მედევედევის ბრენდმა" ნდობა დაკარგა.
"მოდერნიზაციის მამოძრავებელი ძალა" პერსონიფიცირებული ლიდერისა და რომელიმე პარტიის წარმომადგენლის გარეშე აღმოჩნდა. პროექტი "პრავოე დელო", რომელსაც მილიარდერი პროხოროვი ედგა სათავეში, ჩააგდეს. ასე რომ, "ახალმა უკმაყოფილოებმა" წინააღმდეგობრივად განწყობილი მოსახლეობის რიგები შეავსეს.
ექსპერტების შეფასებით. 2018 წლის არჩევნებისთვის მოსახლეობის საშუალო ფენა რუსეთში დომინირებადი გახდება და არჩევნებში გამარჯვებას შეძლებს მხოლოდ ის, ვინც მათ ინტერესებს გაითვალისწინებს.