რამდენიმე წუთის წინ ლონდონში (Downing street 10) საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს პრემიერ-მინისტრის დევიდ კამერონის შეხვედრა დასრულდა. მიხეილ სააკაშვილმა ქართულ და უცხოურ მედიასთან კომენტირებისას აღნიშნა რომ, შეხვედრამ საკმაოდ გულთბილ და მეგობრულ ვითარებაში ჩაიარა. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, შეხვედრისას, დევიდ კამერონმა დადებითად შეაფასა საქართველოში გატარებული რეფორმები და შემდგომი წარმატებები უსურვა ქვეყანას.
უცხოური მედიის ინტერესიდან გამომდინარე, ქვეყნის პირველმა პირმა ნატოს გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტზე, მსო-სთან დაკავშირებულ საკითხებზე დასრულებულ მოლაპარაკებებსა და ხელმოწერილ დოკუმენტზეც ისაუბრა, რომელსაც მნიშვნელოვანი „გარღვევა" უწოდა. მისივე განმარტებით, საქართველოს მოთხოვნით, შვეიცარიის მხარის მიერ დაქირავებული მონიტორები, საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში გააკონტროლებენ სავაჭრო ტვირთბრუნვას.
ამ წუთებში კი საქართველოს პრეზიდენტი „საერთაშორისო დემოკრატთა გაერთიანების" მიწვევით, მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციას ესწრება. დაგეგმილია სიტყვით გამოსვლაც.
პრეზიდენტი დიდ ბრიტანეთში ორ დღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.