საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი იონას გარ სტორე ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს გრიგოლ ვაშაძეს.
შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრი. ხაზი გაესვა ნორვეგიის მნიშვნელოვან ინვესტიციას საქართველოს ენერგეტიკის სფეროში და ნორვეგიის მთავრობის მიერ წარმატებით განხორციელებულ სხვადასხვა პროექტს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ნორვეგიულ მხარეს მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია რუსეთის ვმო-ში გაწევრიანების, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების და რეგიონში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა დადებითი შეფასება მისცა საქართველოში წარმატებით განხორციელებულ ეკონომიკურ რეფორმებს და ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე.
ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოეწერა საქართველოს მთავრობასა და ნორვეგიის სამეფოს მთავრობას შორის "შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების" და "უკანონოდ მყოფ პირთა რეადმისიის" შესახებ შეთანხმებებს.
ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ოფიციალურად გახსნა საქართველო-ნორვეგიის ენერგეტიკული თანამშრომლობის ფორუმი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოსა და ნორვეგიის სამთავრობო და ბიზნესწრეების წარმომადგენლებმა. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ნიკოლოზ გილაურთან.
დღეესვე მთავრობის კანცელარიაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრს იონას გარ სტორს და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციას შეხვდა.