ნატოს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით, 2012-2013 წლებში საქართველოში დაგეგმილი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოს დემოკრატიის გამოცდა იქნება.
როგოც რასმუსენმა "რადისონში" გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების შემდეგ საქართველოში ბევრი რეფორმა ტარდება და ამაში ნატო საქართველოს მხარს უჭერს და ეხმარება.
"დღეს პარტნიორობა საქართველოსა და ნატოს შორის ძლიერია. ეს ეფუძნება იმ პოლიტიკურ დიალოგს, რომელიც არსებობს საქართველოსა და ნატოს შორის. ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი ამ პარტნიორობას უფრო გააძლიერებს და საქართველოს ნატოსთან დაახლოებაში ხელს შეუწყობს. დღევანდელი შეხვედრა ეძღვნებოდა საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს, რომელიც შეეხება გამოხატვის თავისუფლებას, ეკონომიკას, თავდაცვას და სხვა სფეროებს. საქართველო სწორი მიმართულებით მიდის, მაგრამ მას არ მიუღწევია საბოლოო დანიშნულებამდე. უნდა განვაგრძოთ დემოკრატიული და თავისუფალი ქვეყნის მშენებლობა და კიდევ უფრო გაძლიერდეს დემოკრატიული ინსტიტუტები", - განაცხადა რასმუსენმა.
როგორც რამუსენმა აღნიშნა, დასაფასებელია ისიც, რომ საქართველოს ავღანეთში მიმდინარე სამშვიდობო პროცესში დიდი წვლილი შეაქვს და ეს ნიშნავს იმას, რომ მას აღებული აქვს ვალდებულება ალიანსის წინაშე. რასმუსენის თქმით, ძალაშია ბუქარესტის გადაწყვეტილება, რომელიც ეხება იმას, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი.