საქართველოში გაეროს რეზოლუციების შესრულების საკითხზე მომუშავე სამთავრობო კომისია შეიქმნება. აღნიშნულს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის კანონპროექტი ითვალისწინებს.
კანონპროექტის თანახმად, აღნიშნულმა კომისიამ ტერორიზმთან დაკავშირებულ და გაეროს წესდების შესაბამისად მიღებული რეზოლუციებით განსაზღვრულ პირთა ქონებაზე ყადაღის დადება უნდა უზრუნველყოს, რათა ამ პირებმა არ განახორცილეონ ტერორისტული ან სხვა უკანონო საქმიანობის დაფინანსება ან სხვა ფორმით მხარდაჭერა.
კომისია უფლებამოსილია, შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს გაეროს რეზოლუციებით განსაზღვრულ პირთა ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე. უცხო ქვეყნის ან/და ქვეყნის შიგნით არსებული სათანადო ორგანოების მიმართვის საფუძველზე კომისია უფლებამოსილია, შეიმუშაოს ტერორიზმთან დაკავშირებულ პირთა სია და მასში მითითებულ პირთა ქონებაზე ყადაღის დადების ან ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების თაობაზე ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს. გაეროს რეზოლუციებით დადგენილი სანქციების შესასრულებლად კომისიის სამუშაო ჯგუფი უფლებამოსილია, მიმართოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს გარკვეული შეზღუდვების დაწესების შესახებ. კომისიის მიმართვის შესრულება შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისთვის სავალდებულოა.
კომისიას თავმჯდომარე უხელმძღვანელებს. მის შემადგენლობას მთავრობა განსაზღვრავს.
პარლამენტს კანონპროექტის განხილვა ჯერ არ დაუწყია.